მარიო ვარგას ლიოსას- ,,ცუდი გოგოს ოინები”

მარიო ვარგას ლიოსას- ,,ცუდი გოგოს ოინები”

ავტორი
Teodora Dvalishvili

Teodora Dvalishvili

შეფასება

3.5

(4)

249

გაზიარება:

22.10.2025

მოკლე აღწერა

,,სიყვარულის მიზანი ეგოისტურია, ხოლო პროცესი კოსმიური.” კოსტატინე კაპანელი ლათინურამერიკული ბუმი, სამხრეთ ამერიკული მწერლობით დაინტერესებული ევროპა და დიდი პერუელი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა.

ლიოსა თანამედროვე ლათინურამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. ისეთი დიდებული მწერლების გვერდით, როგორიცაა მარკესი, კორტასარი, ბორხესი, ფუენტესი და სხვა. რომელთა შემოქმედებამ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ლათინურამერიკული ლიტერატურა პროვინციალიზმის გამოხატულება კი არ არის, გლობალურია და ინოვაციურია.

„ცუდი გოგოს ოინები“ სამოცდათერთმეტი წლის ასაკში დაწერილი, უაღრესად ექსტრემალური, ფათერაკებით სავსე, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის პოლიტიკური და სოციალური სიმძიმით შევსებული ცუდი გოგოსა და კარგი ბიჭის სასიყვარულო თავგადასავლების რთული ოდისეაა.

საბედისწერო შეხვედრა, მიტოვებული ვალსი და მთავარ გასართობად ქცეული მამბო. იმ ზაფხულის მირაფლორესში ახალგაზრდა ყმაწვილკაცებისთვის მთავარი დღესასწაულად სტუმრად ჩამოსული ჩილელი დები იქცნენ.

გარდატეხის ასაკში მყოფი ცუდი გოგო, იგივე ლილი, სულ რაღაც თოთხმეტი–თხუთმეტი წლის იქნებოდა. მირაფლორესის მთელი ახალგაზრდობა მისი გიშრისფერ თვალების, ხორციანი ტუჩების და ქალური სიკეკლუცით აღვსილი ჰეროიკული მამბოს ტყვეობაში რომ მოაქცია.

თავგზაბნეული ახალგაზრდების რიგებში ,,კარგი ბიჭი” მოწინავე იყო. ყველას მოსწონდა ჩილელი გოგო, მაგრამ არა ისე, როგორც ხბოსავით შეყვარებულ რიკარდიტოს. სამჯერ გამოუტყდა სიყვარულში, მეოთხედ ვეღარ მოასწრო, თუმცა დიდი ენთუზიაზმით ელოდებოდა დროში გაწელილ საპასუხო გრძნობას.

ჩილელმა გოგოებმა იმ ზაფხულს ნამდვილად მოახდინეს რევოლუცია თავისი ცეცხლოვანი ტემპერამენტითა და თავისუფლების გამოხატვის თავისებურებით, მაგრამ სიმბოლურად ზაფხულის ბოლო დღეს ყველასთვის გასაგები გახდა თუ რატომ არასდროს იღებდნენ სტუმრებს სახლში, რატომ არასდროს აწყობდნენ წვეულებებს და საერთოდ რატომ იჩენდნენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს საკუთარ ოჯახზე საუბრისას.

თუ არა ჩილელი ლილი, მაშინ ვინ იყო ცუდი გოგო სინამდვილეში?

ამხანაგი არლეტე- ახალი იდენტობა, შეცვლილი გარეგნობა და პერუდან გასაქცევად გამოყენებული რევოლუცია.

შეხვედრა ათი წლის შემდეგ, სამოციანი წლების პარიზში, იმ პარიზში, კუბის რევოლუციის ციებ–ცხელება რომ იყო. სამხრეთ ამერიკიდან ახალგაზრდები რომ ჩამოდიოდნენ პერუში, კუბის რევოლუციის გადატანის პერსპექტივით.

წლებმა რიკარდოს გრძნობებს ვერაფერი დააკლო, ის ისევ იმ პატარა გამოუცდელ ბიჭად რჩებოდა, მთავარ ოცნებად მხოლოდ პარიზში ცხოვრება რომ ჰქონდა.

მიუხედავად აკადემიური წარმატებებისა, ,,კარგი ბიჭი” დიდი ამბიციებით არ გამოირჩეოდა.

,,ცუდ გოგოს” შექსპირის სონატების ცოდნა არ დაჭირვებია რიკარდიტოსთან დასაწოლად, ყოველგვარი ემოციის გარეშე ისე იქცევოდა, თითქოს ამ საქმეში ჭიპი ჰქონდა მოჭრილი.

„უძრავად იყო, მორჩილად იღებდა ჩემ მღელვარე ვნებას ისე, როგორც დედოფალი ღიბს თავისი ვასალების თაყვანისცემას.“

განსაკუთრებით მოსწონდა თვალებზეხელაფარებული კუნილინგუსი, თითქოს ეს პოზა საშინელ უფსკრულს აჩენდა ცუდ გოგოსა და მასზე ყურებამდე შეყვარებულ კაცს შორის, რომელიც მუდმივად მზად იყო იმაზე მეტი გაეკეთებინა მისთვის, ვიდრე რეალურად შეეძლო.

რა საინტერესოა, სამყარო- ვიღაცისთვის სექსი შეიძლება დიდი მისტერიის წყაროდ იქცეს, ვიღაცისთვის კი სპორტის უბრალო სახეობად!

მადამ რობერ არნუა

ამხანაგი არლეტე სამი წლის შემდეგ ფრანგი დიპლომატის კანონიერ მეუღლედ გვევლინება. ფრანგული ბიუროკრატიის შესაბამისად ქმრის გვარზე მადამ რობერ არნუად გადაწერილიყო.

იგი განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევოდა- უცხო კულტურას ისე მორგებოდა, თითქოს ამ კულტურის ნაწილი ყოფილიყო.

რიკარდიტოსთვის მარტოობა უცხო არ იყო- თავს სამშობლოშიც ობლად გრძნობდა, ვერც საფრანგეთის მოქალაქეობამ შესძინა რამე მნიშვნელოვანი. ერთადერთი, რაც მასში ერთდროულად სულიერ სიმშვიდესა და ფორიაქს იწვევდა, ცუდი გოგოს გამოჩენა იყო.

მის სახეზე ჩვეული ცინიზმი ფრანგი დიპლომატის ცოლობასაც ვერ გაექრო, როგორც ქუჩის მათხოვარს მასთან ღამის გატარების შანს მიუგდებდა, მერე შეურაცხმყოფელი, დამცინავი ტონით შესაძლებლობებს დაუწუნებდა და თავს უკანასკნელ არარაობად აგრძნობინებდა.

,,ცუდმა გოგომ” რიკარდიტოს ვერ აპატია ერთადერთ მეგობარს რომ არ აუჯანყდა და კუბაზე წასვლის ნება რომ მისცა.

მართალია, ,,კარგი ბიჭი” იმდენად ,,კარგი ბიჭი” იყო, რომ ვერასდროს დაკარგავდა წესიერი კაცის რაციონალურობას. მეგობარს ვერასდროს მოექცეოდა უსამართლოდ, თუნდაც სანაცვლოდ ის ერთადერთი ღვთაებრივი სიამოვნება გაეღო, როგორიც მისთვის ცუდ გოგოსთან ყოფნის შესაძლებლობა იყო…

როდესაც მკითხველი სახელწოდებით „ცხენების მხატვარის” თავს მიადგება, ზუსტად მიხვდება, რას ნიშნავს პატარა ნოველებით ნაგები დიდი პროზაული ნაწარმოებები!

სამოცდაათიანი წლების ლონდონი- პარიზიდან ლონდონში გადატანილი მოდის ცენტრი, ბითლზებისა და როლინგ სტოუნზის მუსიკალური ეპოქა...

ეს ის პერიოდია, ლათინო-ამერიკელი ახალგაზრდებმა პარიზის ნაცვლად ლონდონს რომ მიაშურეს, რევოლუციის მოწყობის იდეა

მარიხუანას რიგებმა რომ ჩაანაცვლა.

განსაკუთრებით პოპულარული გახდა პოპ მუსიკა, ქუჩის მარგინალობა და თავისუფალი სექსი. სწორედ მაშინ დაიბადა მინი კაბა, ჩამოხეული ჯინსები და გრძელი თმა.

გაიზარდა ლგბტ-ს დამცველი ჯგუფები, გარეთ გამოვიდნენ ჰომოსექსუალები და ჰიპურმა ცხოვრებამ კულმინაციას მიაღწია.

ავტორის თქმით, მაშინ საზოგადოებრივი ჩვევები უფრო თავისუფალი გახდა, სანაცვლოდ კი მოაზროვნეთა მთელი თაობა გაქრა.

ლიოსა ამ თავში გენიალურად აჩვენებს იმ ადამიანების ტრაგიკულ ბედს, ვინც აბსოლუტური ჰედონიზმის მსხვერპლი ხდება და ივიწყებს საკუთარ პრინციპებს.

შეიძლება ყველაფერი გაიყიდოს, როცა ღირებულებები ქრება!

შეიძლება არაოფიციალური კულტურა ოფიციალური კულტურა გახდეს, ჰიპური მოძრაობა ბურჟუაზიულ მოდად იქცეს, მაგრამ ავტორი ხუან ბარეტოს მაგალითით გვახსენებს, რომ სამყაროში არსებობს რაღაც ისეთი, რაც პრაგმატული რეალობის მიღმა რჩება.

ნაწარმოებში საინტერესოდ იშლება რიკარდიტოს პირით გახმოვანებული ლიოსას მელანქორიული შური. მიუხედავად იმისა, რომ ,,კარგი ბიჭი”ფანატიზმისგან შორს იყო, ვერასოდეს გახდა იმ ცხოვრების ნაწილი, სადაც ადამიანები ყოველგვარი ეჭვის გარეშე ეძლეოდნენ წუთიერ სიამოვნებას.

მართალია, კაცმა, რომელმაც ძალიან ბევრი ილაპარაკა ჯანსაღ საზოგადოებაში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე, ვერასოდეს შეძლებდა უმუხრუჭო ცხოვრებით ცხოვრება ისე, რომ სინდისი არ დაეტანჯა.

რა საინტერესოა ცხოვრება: როცა შესაძლებლობების შეუძლებლობაზე დაფიქრდები, ხვდები, რომ შეიძლება რაღაც გინდოდეს, მაგრამ არ შეგეძლოს. არა იმიტომ, რომ ვინმე გიკრძალავს, არამედ იმიტომ, რომ შენი ღირებულებები არ გაძლევს ამის მორალურ უფლებას.

ლონდონში გაგრძელებული რთული სასიყვარულო ოდისეა, ოთხი წლის შემდეგ ხანმოკლე შეხვედრა მის რიჩარდსონთან.

ახალი სარფიანი ქორწინება და მსოფლიოში ყველაზე ექსკლუზიური საზოგადოებაში მოხვედრა არ აღმოჩნდა საკმარისი. მან ყველა ქორწინება ფულის საჭრელ მანქანად აქცია. ჰქონდა ფული, მაგრამ დაკარგა თავისუფლება…

ფული გზას ხსნის, მაგრამ კუთვნილებას ვერ ყიდულობს. რაღაცის ან ვიღაცის ნაწილი რომ გახდე, შინაგანად უნდა ეკუთნოდე მას!

მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვისზე გათხოვდებოდა-გენერალზე, მინისტრზე, დიდგვაროვანზე თუ მილიონერზე, ყველა კაცი მისთვის მხოლოდ დროებითი პასპორტი იყო იდენტობის შესაცვლელად. თუმცა ცუდ გოგოს ნამდვილად დაავიწყდა, რომ სადაც არ უნდა წასულიყო, ვის გვერდითაც არ უნდა ეცხოვრა, ის ყოველთვის იმიგრანტად დარჩებოდა!

ჩვენმა პერუელმა გენიოსმა კარგად იცოდა, რა ტრაგიკულია უცხო მიწაზე საკუთარ ფესვებს მოწყვეტილი ადამიანის ბედი, როცა ხარ ყველგან, მაგრამ შინ არასდროს!

„შატო მეგურუ“- სექსუალური თამაშების თეატრი, სრული აღვირახსნილობა ერთ სივრცეში, საბედისწერო შეხვედრა ტოკიოში, ,,კარგი ბიჭის” დანგრეული ღირსება და ,,ცუდი გოგოს” შელახული იმიჯი.

„… ცხოვრებაში პირველად ნამდვილად გიყვარს ვიღაც და ის მე არ ვარ.“

ნამდვილად უყვარდა თუ არა იაპონელი განგსტერი „ცუდ გოგოს“, ეს საეჭვო საკითხია! თუ გარეგნულად აბორტის მსხვერპლს ჰგავდა და შიგნიდან ეშმაკის მოციქულს, რა უნდა ჰქონოდა „იაკუძას შეფს“ ისეთი, რამაც ცუდ გოგოს თავი დააკარგვინა?!

იაპონელი განგსტერი იყო სიმბოლო იმ მატერიალური ძალაუფლების, საფრთხისა და უტოპიური თავგადასავლების, რომელიც ცუდ გოგოს ყოველთვის იზიდავდა. იგი გამუდმებით ცდილობდა ბავშვობის დროინდელი ტრამვები მატერიალური კეთილდღეობით გადაეფარა, რათა საბოლოოდ თავი დაეხწია იმ ნაკლისგან, რომელიც სიღარიბემ დაუტოვა.

სადაც ემოცია ჩნდება, იქ ტკივილია!

რიკარდიტო კი ემოციური ინტიმურობის სიმბოლო იყო. სწორედ ამიტომ, ,,ცუდი გოგო” ყოველთვის სიცივის სიახლოვეს რჩებოდა!

როცა სიყვარული არასდროს გქონია, მისი გეშინია, იწყებ თამაშს გაქცევასა და მანიპულაციას. ვინც გპატიოს, მისგან გარბიხარ; ვინც გტკენს, მასთან რჩები. რა პარადოქსია ცხოვრება!

ჩემი აზრით, მთელი ეს იაპონური თავგადასავალი ერთ დიდი ექსპერიმენტი იყო იმის გასარკვევად, სად გადის ზღვარი, თუ კი ის მართლა არსებობს.

ვისაც ჯერ კიდევ ეს წიგნი არ წაუკითხავს, წინ დაუვიწყარი ლიტერატურული თავგადასავალი ელის. დავტოვებ ინტრიგას და მადრიდის ეპიზოდს მიზანმიმართულად არ შევეხები- ის ნამდვილად იმსახურებს დამოუკიდებლად აღმოჩენას.

ლიოსას ძალიან უყვარდა ყველაფრის ზედაპირზე ამოტანა. ნაწარმოებში დაკარგვა მისი სტილი არ არის. ყველაზე რთულს ისე ამარტივებს, თითქოს ეშინოდა შემთხვევით ვინმეს რამე არ შეშლოდა და ლიბერალიზმი ტოტალიტარიზმად არ გაეგო.

ეს არის წიგნი, სადაც ავტორმა თანამედროვე სამყაროს არაერთი ქვეყნის ტკივილი გააერთიანა, მათ შორის ჩვენთვისაც კარგად ნაცნობი. როცა პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო იმდენად არასტაბილურია, რომ ადამიანი იძულებულია სამშობლო დატოვოს და უცხო კულტურასთან ინტეგრირდეს. კითხვა, მოახერხეს თუ არა პერუელმა გმირებმა უცხო კულტურაში ინტეგრაცია, ზედაპირულია და ბოლომდე ვერ ასახავს იმ სირთულეებს, რაც პერსონაჟებს ამ გზაზე დახვდათ.

იმის გაგება, თუ როგორ იცვლება ადამიანი ამ პროცესში, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მხოლოდ მიღწეული შედეგზე დაკვირვება. უფრო სწორი იქნება ვიკითხოთ, რა დაკარგეს, რაზე თქვეს უარი და რის ფასად მიიღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა…

ალბათ, ინდივიდის წარმატებულ ინტეგრაციას უცხო მიწაზე ხშირად თავად მისი წარმომავლობაც განსაზღვრავს. როდესაც შენ ქვეყანას არასდროს უზრუნია თავისი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რთულია პოსტსაბჭოთა სივრციდან პირდაპირ ცენტრალური ევროპის გულში აღმოჩდე იქ, სადაც ადამიანზე ზრუნვა ნორმაა!

მარიო ვარგას ლიოსა „ცუდი გოგოს ოინებში“ ამსხვრევს სიყვარულის ტრადიციულ გაგებას. იდეა მარადიულ სიყვარულზე აქ მხოლოდ მითია. მისთვის უცხოა ტოლსტოი, ჰიუგო, სტენდალი, ბალზაკი და სხვა. ავტორი ზურგს აქცევს რომანტიზმს. მას უნდოდა დაეწერა რაღაც ისეთი, რაც შორს იქნებოდა მე-19 საუკუნის მწერლობისგან.

ეს არის წიგნი, თანამედროვეობის მანკიერ მხარეზე, თუ როგორ იქცა რომანტიზმი ილუზიად, სიყვარული კი ზეწოლად…

პერუელ მწერალს ერთი განსაკუთრებული თვისება ჰქონდა, რომლის გამოთაც ბევრჯერ იმსახურებდა ნობელს. ის ყოველთვის ახერხებდა ყველაზე დიდი ამორალურობაც კი კარგსა და ცუდს მიღმა დაეტოვებინა! „ცუდი გოგო“ ამის ბრწყინვალე მაგალითია. მან დაგვიხატა ქალი, რომელიც რასაც ეხება, ერთდროულად ანგრევს და აერთიანებს ყველაფერს. ლიოსა გვაჩვენებს, რომ ის არ არის ჩვეულებრივი ქალი, ტოქსიკურობისა და შეცდომების უბრალო კრებული. ამ ქალში ავტორმა თავი მოუყარა პერუს, ლონდონის, ტოკიოსა და მადრიდის მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს. მარტო მას შეეძლო ისეთი “საზიზღარი” ადამიანი პოლიტიკურ და კულტურულ არქეტიპად წარმოედგინა, როგორიც „ცუდი გოგო“ იყო!

ჩემი აზრით, შვედეთმა ჩვენ ბუმბერაზ მწერალს ნობელის პრემია დაუგვიანა. 2010 წლამდე ბევრი ისეთი შედევრი ჰქონდა დაწერილი, რომელიც ერთ ნობელს კი არა “ბევრს” იმსახურებდა!..

და ბოლოს, თუ სიყვარული წინსვლის ნაცვლად განადგურებს, ეს სიყვარული კი არა მახეა, რომელიც ბედნიერებას გპირდება და გართმევს თავისუფლებას!

არ მიყვარს 2025 წლის 13 აპრილი.

ყოველთვის მინდოდა, იმ მწერლისთვის ერთხელ მაინც ჩამეხედა თვალებში, რომელმაც მთელი თავისი შემოქმედების მანძილზე არც ერთი პერსონაჟი არ გაწირა!

თანამედროვე პოლიტიკურ და სოციალურ რეალობას მორგებული ჯანსაღი, ოპტიმისტური აზროვნება სინათლეა წყვდიადში- ეს არის ჩემთვის ლიოსა!

დატოვე შეფასება

3.5

(4)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze